რას იძიებს რეჟიმი?
ნაციონალური მოძრაობის შესწავლას 13 წლის შემდეგ აპირებს პარტია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მოსამართლეები, ძალოვნები და მაღალჩინოსნები ისევ სისტემაში ჰყავს. "ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიას ქმნის იმ პირობის შესასრულებლად, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდოდა და არ გამოუვიდა. წინა ხელისუფლების აკრძალვის შესახებ ოლიგარქის სიტყვას წულუკიანი შეასრულებს და კომისიას სოზარ საუბართან ერთად უხელმძღვანელებს.
ამ კომისიას არც ლეგიტიმაცია აქვს, არც ნდობა და არც ფართო მანდატი. ითანამშრომლებენ თუ არა მასთან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ნაკლებად სავარაუდოა. არადა, ხელისუფლებას მათი აკრძალვა აქვს ჩაფიქრებული. "ოცნებამ" იფიქრა და მოიფიქრა, რომ გამოძიების პროცესში მოწმეებად მოქალაქეები მიიყვანოს და 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე ალაპარაკოს. თეა წულუკიანს ვკითხეთ დაკითხავენ თუ არა ზვიად ხარაზიშვილს იგივე "ხარებას", რომელიც ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში იგივე საქმეზე იყო დასაქმებული.
ხარება არ არის ერთადერთი ფიგურა, ვინც ქართულ ოცნებაში ნაციონალური მოძრაობიდან გადმობარგდა და აღზევდა. წესით ამ კომისიის ინტერესის ობიექტი უნდა იყოს გირგვლიანი საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც დღეს არა მხოლოდ უვადო მოსამართლეა, არამედ სამართავად მთელი სასამართლო სისტემა ჩააბარეს.
საგამოძიებო კომისია 3 თვით იქმნება, თუმცა შესაძლოა მისი მუშაობა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. ვინ იქნება პირველი მოწმე, ჯერ თავადაც არ იციან.