როგორ დაგეგმა რეჟიმმა “ურჩი“ მოსამართლის შვილის გატაცება - ინტერვიუ დავით ჯუღელთან
ე.წ. "კაბელების საქმის" მოსამართლე, დავით ჯუღელი გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, თუ ის რეჟიმისთვის სასურველ განაჩენს არ დააყენებდა, შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ.
ჯუღელი დეტალურად ჰყვება, როგორ მიაკითხა უცნობმა ადამიანმა მის შვილს სკოლაში, თუმცა, დამრიგებელმა და მანდატურის სამსახურმა მას ბავშვის წაყვანის უფლება არ მისცეს.
ამასთან, ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, მან ვერ მოახერხა კამერის ჩანაწერების მოპოვება, სადაც კარგად ჩანდა, როგორ გამოიყურებოდა მის შვილთან მიგზავნილი უცნობი.
გადაგვარჩინა იმან, რომ ჩემი სამივე შვილი ერთ სკოლაში დადიოდა და დაწყებითების მასწავლებელი ოჯახს იცნობდა. იმ პერიოდში ვინაიდან მუქარები სისტემატურად ხდებოდა, მოსალოდნელი იყო რაღაც განეხორციელებინათ, თხოვნაც იყო მასწავლებლებთან, რომ ბავშვი უცნობი პირისთვის არ გაეტანებინათ.
ფაქტი იყო ასეთი, მივიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც ზრდილობიანად უთხრა მასწავლებელს, რომ მიაკითხა ლუკა ჯუღელს, იყო ბიძა და მიაკითხა, რათა წაეყვანა სახლში. როდესაც მასწავლებელმა ვერ იცნო, დაუძახა ბავშვს, პარალელურად კი გამოიძხა მანდატურების სამსახური. ბავშვმა არ დაუდასტურა, რომ საერთოდ იცნობდა, ეს პიროვნება დააკავეს მანდატურებმა, შეიყვანეს შესაბამის ოთახში და დამირეკეს მე. 15 წუთში მივედი ადგილზე, თუმცა ის უკვე გაშვებული დამხვდა. კამერების დათვალირებისას მივხვდით, რომ ამ პიროვნებამ კარგად იცოდა სად იყო კამერები და ისე მოძრაობდა, რომ ამოუცნობი ყოფილიყო. მე, რა თქმა უნდა, გავბრაზდი, რატომ არ გამოიძახეს პოლიცია, შემდეგ როდესაც მინდოდა ეს ჩანაწერი გადმომეწერა, კომპიუტერი გაიჭედა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა ეს ჩანაწერები“, - ჰყვება ჯუღელი.
მისივე თქმით, პოლიციაში გაცხადებას აზრი არ ჰქონდა, რადგან შემდგომში ერთ-ერთმა მანდატურმა უთხრა, რომ “მან ისეთი საბუთი აჩვენა, რის შემდეგაც მას ვეღარ დააკავებდნენ.“
რაც შეეხება მეუღლისადმი მიწერილ მუქარის წერილებს- ჯუღელი ამბობს, რომ მას ავტომობილის საქარე მინაზე სამსახურთან ხვდებოდა ფურცლები, სადაც ეწერა, რომ “წესიერად მოიქცეს შენი მეუღლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, რაც გელით“.
“კამერა ყოველთვის გვხვდებოდა, დახრილი, რათა ვერ გადაეღო, ვინ ტოვებდა წერილებს მანქანის საქარე მინაზე“, - ამბობს სკანდალური საქმის მოსამართლე.
"კაბელების საქმეზე" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საიას მიერ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილება 11 თებერვალს მიიღო. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.
საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.
"კაბელების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით უფლების ჩამორთმევა შეუფარდა.
გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიენიჭა.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.