მთავრობაში ზის ვიღაც უნიჭო, რომელსაც ნიჭი აღიზიანებს, ნიჭი უნდა იყოს თავისუფალი - გიული ჩოხელი
ჯაზ-მომღერალი გიული ჩოხელი ამბობს, რომ ამ მთავრობას ნიჭიერი ხალხი აღიზიანებს და ისინი ბერიას გზას გაყვნენ, რადგან იმანაც ნიჭიერი ხალხი ციხეში ჩასვა.
მისი თქმით, ნიჭი უნდა იყოს თავისუფალი და არა ციხეში გამოკეტილი.
მთავრობაში ზის ვიღაც უნიჭო, რომელსაც ნიჭი აღიზიანებს. როგორ შეიძლება მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი, ყველა ციხეში? მაშინ ყველა შევალთ ციხეში და თქვენ იგულავეთ. როგორ შემაზიზღეთ თავი, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, მეზიზღებით, ეკრანზე რომ გიყურებთ ზიზღი მაქვს.
ნიჭი უნდა იყოს თავისუფალი. არ ვიცი ეს რა მოხდა, როგორ დაიწყეს ეს, ბერიას გზას გაყვნენ, რომელმაც რუსთაველის თეატრის მსახიობები ჩასვა ციხეში, თუ ვიღაც იყო ნიჭიერი ყველა ჩასვა. ვფიქრობ, ხვალ არ დამიკაკუნონ. არ გაბედოთ, გამოუშვით ჭიჭინაძე ანდრო. გამოუშვით ეს ადამიანი, როგორ გეკადრებათ, რა შეურაცხყოფას აყენებთ თქვენ ამ ახალგაზრდას, ამ ახალგაზრდა ნიჭს, რომელიც ჩვენ გვიყვარს გულით და სულით.
მზია, მზიაზე როგორ ვღელავ, ქალია მზია, რატომ აკეთებენ ასე, ქალები არ უყვართ, ახალგაზრდა ბიჭები არ უყვართ, ვინ უყვართ... მე მინდა ვუთხრა მზიას - გენაცვალე შენ, გენაცვალე შენს ხასიათში, შენს საქმეში, საქმიანობაში, მე ხომ ვიცი ყველაფერი, მე ვიცი, შენ ვინ ხარ... გაათავისუფლეთ ეს ადამიანი, რატომ უნდა მოკლათ.
თქვენ არც სიყვარული იცით, რომ დგახართ გაჭიმულები, გაყინული თვალებით, რაღაცას ბუტბუტებთ. თქვენ ჩვენი ხალხი არ ხართ, დაკარგეთ ადამიანობა და არ გრცხვენიათ. დაგვანებეთ თავი“, - განაცხადა გიული ჩოხელმა.