"ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას არსად არ იწვევენ, სადაც დემოკრატიული ქვეყნების შეკრებაა" - სამადაშვილი

14.02.25 11:09
"ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას არსად არ იწვევენ, სადაც დემოკრატიული ქვეყნების შეკრებაა" - სამადაშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევას კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ეხმაურებიან.

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო დონის კონფერენციაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის ხმა გააჟღეროს - "კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არის დაპატიჟებული".

"ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას არსად არ იწვევენ, სადაც დემოკრატიული ქვეყნების შეკრებაა" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

პირველად ხდება გასული 100 წლის მანძილზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი მიუნხენში. ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას არსად არ იწვევენ, სადაც არის მსოფლიო ლიდერების, დემოკრატიული ქვეყნების შეკრება. მიუნხენის კონფერენციაზე წყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ამიტომ კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არის დაპატიჟებული.

მას ექნება შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის ხმა გააჟღეროს იქ და ჰქონდეს მოლაპარაკებები პარტნიორებთან, რადგან ცხადია, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი განახორციელებს რეჟიმთან მიმართებით უახლოეს მომავალში", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება - კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.

სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. 

საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.

მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. 

საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.

მსგავსი სიახლეები