"ჩვენ გარეშე თანხმობა არ უნდა შედგეს, თუ ეს მოხდება, ბევრი წელი საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება" - ხიდაშელი
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს.
მისი განმარტებით, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მსოფლიო პოლიტიკაში არანაირი შეთანხმება არ უნდა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა წლების განმავლობაში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება.
"მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი იქ იქნება, დაიცავს და იბრძოლებს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის" - აღნიშნავს თინა ხიდაშელი.
რადგან კონფერენცია არის უკრაინის თემით მოცული და ყველაფერი უკრაინის შესახებ, ნებისმიერი შეთანხმების, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი უნდა იყოს საქართველოც. ჩვენ გარეშე არაფერს ხელი არ უნდა მოეწეროს და არანაირი თანხმობა უნდა შედგეს, რადგან თუ ეს მოხდა, მე მგონია, რომ ბევრი წლის განმავლობაში საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქ იქნება. როდესაც ქვეყანას ჰყავს უკიდურესად უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებიც თავის თავებს ხან მინისტრებს ეძახიან, ხან დეპუტატებს, ხან პრეზიდენტებს, ქვეყანას გაუმართლა, რომ ვიღაც მაინც არის, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს და ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის ბოლო, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ვინც წარმოადგენს ამ ქვეყნის ინტერესებს, დაიცავს და იბრძოლებს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება - კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.
სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე.
საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.