"წინ მნიშვნელოვანი დისკუსიები გველის საქართველოს ევროპულ მომავალსა და უსაფრთხოებაზე" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო - სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ წინ საქართველოს ევროპულ მომავალსა და უსაფრთხოების თაობაზე მნიშვნელოვანი დისკუსიები ელის.
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩავედი. წინ მნიშვნელოვანი დისკუსიები გველის საქართველოს ევროპულ მომავალსა და უსაფრთხოებაზე. თვალყური ადევნეთ!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება - კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.
სამხრეთ კავკასიიდან კონფერენციას სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც დაესწრებიან და კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკის დელეგაციაც მიიღებს.
სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, რომელიც ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს.
საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 23:00 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.
მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.