"ყველაფერზე პასუხისმგებლობა "ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღონ" - გიგაური
"ყველაფერზე პასუხისმგებლობა "ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღონ" - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დამტკიცების საპასუხოდ განაცხადა.
მესამე სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ევროპელი დეპუტატების მიერ მიღებული დოკუმენტი ივანიშვილის რეჟიმისთვის პირველი მკაცრი გაფრთხილებაა.
არ შეიძლება, რომ ვინმეს ეს უხაროდეს, რადგან აქ საუბარია ჩვენს ქვეყანაზე. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა. მის გამო ხდება ყველაფერი, მის გამო იწერება ასეთი შეფასებები ჩვენს ქვეყანაზე. თუ ისინი აპირებენ რაიმე ბიზნესის დაწყებას, ან ურთიერთობას დასავლეთის ქვეყნებთან, მათ პრობლემა ექნებათ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი მკაცრი გაფრთხილება მათ მიმართ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
400 მომხრე 63 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დაამტკიცა.
- ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
- რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
რეზოლუციის თანახმად, "ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს".
- ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი, პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი, კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე - ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.
რა წერია დოკუმენტში კონკრეტულად?
- დოკუმენტში არის ჩანაწერი "ქართული ოცნების" არაღიარებასთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ სრულიად ევროკავშირს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს რეჟიმს, რომელიც თვითგამოცხადებულია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. სტრასბურგში მიაჩნიათ, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
- ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს განიხილავს.
- ამასთან, რეზოლუციაში საუბარია პოლიტპატიმრების შესახებაც. ევროპელი დეპუტატები სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ვახო გომელაური, შალვა პაპუაშვილი რეგალიის გარეშე არიან ჩაწერილები, რაც იმას ნიშნავს, რომ EU მათ თანამდებობის პირებად არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სანქციების სია ევროკომისიას გადაეცემა და დოკუმენტზე მუშაობა უშუალოდ კაია კალასის უწყებას მოუწევს.