"თვითმარქვია რეჟიმის, პუტინისტური ძალების ადგილი მიუნხენში არ არის" - ვაშაძე
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე "ქართული ოცნების" პრემიერის არ მიპატიჟების ფაქტს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე იმით ხსნის, რომ საერთაშორისო დონის კონფერენციაზე "თვითმარქვია რეჟიმის, პუტინისტური ძალების ადგილი არ არის".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, მიუნხენში საქართველოს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს, რომელიც ცივილური სამყაროს წინაშე ქართველი ხალხის ხმას გააჟღერებს და მათ ინტერესებს დაიცავს.
საქართველოში არ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ არის, რომ მიუნხენში არავინ არ ეპატიჟება კობახიძეს. სამაგიეროდ, ის ჩავიდა ამერიკიდან ეკრანზე ჩართული ილონ მასკის სანახავად აბუ-დაბიში. რომ ეთქვა, ამ ვიდეოს გადავუგზავნიდი მე და არ შევაწუხებდით აბუ-დაბიში სასიარულოდ.
თვითმარქვია რეჟიმის ადგილი მიუნხენში არ არის. მიუნხენში არ იქნება არასდროს ანტიდემოკრატიული, პუტინისტური ძალების ადგილი. ამიტომაც არის იქ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ჩვენ ჩვენი გზავნილი გავატანეთ. ორშაბათს გვქონდა შეხვედრა. ჩვენი პარტნიორების მხრიდან რისი გაკეთებაც შეიძლება, უნდა გაკეთდეს ახლა." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება - კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.
სამხრეთ კავკასიიდან კონფერენციას სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც დაესწრებიან და კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკის დელეგაციაც მიიღებს.
სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, რომელიც ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს.
საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 23:00 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.
მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.