ზურაბიშვილი ორმხრივ შეხვედრებს დღეს გამართავს - აუდიენცია ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ჩაინიშნა

14.02.25 13:25
ზურაბიშვილი ორმხრივ შეხვედრებს დღეს გამართავს - აუდიენცია ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ჩაინიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში 14 თებერვალს ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მისი ადმინისტრაციის ცნობით, აუდიენცია  ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ჩაინიშნა. 

სალომე ზურაბიშვილი დღესვე შეხვდება ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლსაც. ამასთან, დღესვე გაიმართება პანელური დისკუსია ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“, სადაც სალომე ზურაბიშვილი დისკუსიაზე დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება - კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.

სამხრეთ კავკასიიდან კონფერენციას სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც დაესწრებიან და კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკის დელეგაციაც მიიღებს. 

სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, რომელიც ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს. 

საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 23:00 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.

მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. 

საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.

მსგავსი სიახლეები