"ოცნების" მიუნხენში არ მიწვევა არის გზავნილი, რომ ხელისუფლების უზურპატორებს ცივილურ სამყაროში არ ცნობენ - დათუნაშვილი

14.02.25 13:35
"ოცნების" მიუნხენში არ მიწვევა არის გზავნილი, რომ ხელისუფლების უზურპატორებს ცივილურ სამყაროში არ ცნობენ - დათუნაშვილი

"ოცნების" მიუნხენში არ მიწვევა არის გზავნილი, რომ ხელისუფლების უზურპატორებს ცივილურ სამყაროში არ ცნობენ - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საერთაშორისო დონის კონფერენციაზე ქართველი ხალხის ხმას საზოგადოების გვერდში მდგომი ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გააჟღერებს. 

არც დავოსში და არც მიუნხენში "ქართული ოცნება" ოფიციალურად არ იქნა მიწვეული. საქართველოს მიუნხენის კონფერენციაზე წარმოადგენს მისი უკანასკნელი ლეგიტიმურად არჩეული ფიგურა, სალომე ზურაბიშვილი. ეს არის კონკრეტული გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ "ოცნებას", როგორც ხელისუფლების უზურპატორებს და არჩევნების გამყალბებლებს, არავინ ცნობს თანასწორად და ლეგიტიმურად ცივილიზებულ სამყაროში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება - კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.

სამხრეთ კავკასიიდან კონფერენციას სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც დაესწრებიან და კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკის დელეგაციაც მიიღებს. 

სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, რომელიც ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს. 

საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 23:00 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.

მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. 

საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.

მსგავსი სიახლეები