"ანტიკორუფციული" დეკლარაციების შეუვსებლობის გამო უმანდატო დეპუტატებს აჯარიმებს - სად არის "ოცნების" წევრების დეკლარაციები?
იმ დროს, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო უმანდატო პოლიტიკოსებს დეკლარაციების შეუვსებლობის გამო აჯარიმებს, "ქართული ოცნების" დეპუტატების დეკლარაციები გასაჯაროებული არ არის. "ოცნების" ნებისმიერი თანამდებობის პირის დეკლარაცია აქამდე სპეციალურ საიტზე იყო განთავსებული, რომლის ნახვაც საჯარო იყო, ამჟამად კი საიტზე იკითხება, რომ "პრობლემაა და დეკლარაცია ვერ იხსნება".
ამის მიუხედავად, "ოცნების" დეპუტატები ამტკიცებენ, რომ დეკლარაციები შევსებული აქვთ.
შეგახსენებთ, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე, რომელსაც საპარლამენტო საქმიანობის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ანტიკორუფციულმა ბიურომ თანამდებობის პირის დეკლარაციის არ შევსების გამო დააჯარიმა.
თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებისგან მიიღო მუქარა, რომ თუ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დეკლარაციას არ შეავსებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.