პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს ხვდება

14.02.25 15:42
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს ხვდება

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს ხვდება - სალომე ზურაბიშვილსა და კეტრინ დე ბოლს შორის აუდიენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმართება. 

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება - კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.

სამხრეთ კავკასიიდან კონფერენციას სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც დაესწრებიან და კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკის დელეგაციაც მიიღებს. 

სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, რომელიც ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს. 

საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 23:00 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.

მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. 

საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.

მსგავსი სიახლეები