რა ბედი ელის "ქართული ოცნების" რეჟიმს - ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერთან
ქართველი ხალხის წამება, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების უკანონოდ დაკავება და ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ - ეს სწორედ ის თემებია, რომლის ირგვლივაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა "პირველებს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
ანიტა ჰიპერი "ქართული ოცნების" მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, დაშინების აქტებს და რეპრესიებს კატეგორიულად გმობს და სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"მზია ამაღლობელი არის სიმბოლო ყველა იმ ადამიანის, რომელიც ციხეში უსამართლოდ ჩასვეს" - ეუბნება კაია კალასის პრესპიკერი "პირველებს", რომელიც ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს, სიტუაციის დეესკალაცია უზრუნველყოს.
ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ყველა ჟურნალისტის და უდანაშაულო ადამიანის გვერდით, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის და მათი ღირებულებებისთვის. ვგმობთ დაშინების აქტებს, რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
ჩვენ ეს დავინახეთ და რეაგირებაც მოვახდინეთ. ბოლო ქეისი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაკავება ყველაზე სამწუხარო იყო, რადგან ის არის სიმბოლო ყველა იმ ადამიანისა, რომელიც უსამართლოდ დააკავეს და ციხეში ჩასვეს. ამჟამად, ის შიმშილობს და ჩვენ მოვითხოვთ მისი და ყველა უდანაშაულო ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, დაუბრუნდნენ ნორმალურ გარემოს და სიტუაციის დეესკალაცია უზრუნველყონ." - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში "ქართულ ოცნებას" მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდას უანონსებს.
ანიტა ჰიპერი პირდაპირ ამბობს, რომ EU მსჯელობს ახალ გზებზე, რომლითაც ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებზე ზეწოლას გააძლიერებს.
მეტიც, მისივე თქმით, ევროკომისია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციას მხედველობაში მიიღებს და წამყვანი პოლიტიკოსები დეტალურად განიხილავენ, რისი გაკეთება შეუძლიათ.
ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ფინანსურ მხარდაჭერას და მათ ინვესტირებას იმ ფულით, რომელიც გადამისამართდა და საუბარია 8.5 მილიონ ევროზე და ასეც გაგრძელდება. ჩვენ ასევე გვინდა ფული ჩავდოთ ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ჩვენ ვმსჯელობთ ახალ გზებზე, როგორ შეგვიძლია ზეწოლის გაძლიერება პასუხისმგებელ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში.
ჩვენ განვიხილავთ სხვა ვარიანტებსაც. პირველ რიგში, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე შევაჩერეთ პირდაპირი დახმარება და 128 მილიონის ფინანსური დახმარება. რაც შეეხება საბჭოს, მათ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ასე, რომ ევროკავშირი მზადა, დამატებითი ზომების გასატარებლად
ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ გუშინ დამტკიცდა ევროპარლამენტში და ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. საქართველოში მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლიტიკურ კრიზისს ვხედავთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოსვლის გზა იპოვოს." - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.