სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვლილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

15.02.25 00:19
სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვლილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენის აპარატი კლინიკა პატიმრის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის უწყებებს ინფორმაციის მისაღებად უკვე მიმართა და "კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში" რეაგირებს.

ამასთან, უწყება პენიტენციური სამსახურის მხრიდან პატიმრის კლინიკაში მოთავსებაზე გვიან შეტყობინების შესახებ ცნობას შეისწავლის. გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი წარსულში პატიმრისა და მისი ოჯახის მიმართვებს სწავლობდა. 

"მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, კლინიკა „ვივა მედში“ ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და რეაგირებას კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.

ასევე, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის კლინიკაში მოთავსების თაობაზე ინფორმაცია მათ დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი მოცემულ საკითხსაც შეისწავლის.

ამასთან, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წარსულში სახალხო დამცველი პერიოდულად სწავლობდა პატიმრისა და მისი ოჯახის წევრების მომართვებს და განხორციელებული რეაგირებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე ატყობინებდა განმცხადებლებს". - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ,  52 წლის ეტლით მოსარგებლე პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახი გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს გუჯეჯიანის სიკვდილამდე ცემაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი "პირველებთან" ამბობს, რომ დავით გუჯეჯიანი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი წამების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.