ზურაბიშვილი: ევროპამ რეგიონში თავის როლი უნდა გაზარდოს - შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქვეყნის ნაწილს, რომელიც მეტი დემოკრატიისკენ მიდის

15.02.25 10:13
ზურაბიშვილი: ევროპამ რეგიონში თავის როლი უნდა გაზარდოს - შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქვეყნის ნაწილს, რომელიც მეტი დემოკრატიისკენ მიდის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Phoenix-თან ინტერვიუში რეგიონში ევროპის როლის შესახებ ისაუბრა - სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა, რომ EU-მ საკუთარი ფაქტორი გაზარდოს და ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას მხარი უფრო ეფექტური გზებით დაუჭიროს. 

"თუ ორბანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს რას აკეთებს, მაშინ სხვა მთავრობებს ასევე შეუძლიათ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღება და შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქვეყნის ნაწილს, რომელიც მეტი დემოკრატიისკენ მიდის" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ ტელეარხთან.

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო შავი ზღვიდან გამომდინარე ევროპის ერთ-ერთი ცენტრალური ინტერესი იყო სამომავლო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის, შესაბამისად, მისივე განმარტებით, EU-ს ამ კუთხით ქვეყანა სჭირდება. 

ვფიქრობ, ევროპამ თავის როლი უნდა გაზარდოს ზოგადად რეგიონში, როგორც საგარეო პოლიტიკურმა ძალამ, როგორც ცენტრმა, რომლის გარშემოც გრავიტაციას ახდენს დანარჩენი დემოკრატიული ევროპა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, ნამდვილად ძალა უნდა იყოს, იყენებდეს ინსტრუმენტებს. დღემდე ევროპას ბევრი ინსტრუმენტი არ გააჩნია დემოკრატიების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით, როდესაც დემოკრატიები გამოწვევების წინაშე დგანან.

დღეს საქართველოში საგარეო დახმარება ძალიან შეზღუდულია ახალი რუსული კანონებით, რომლებიც მიიღება და ისინი კრძალავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საგარეო დაფინანსებას, რომლებიც ახლა ევროპაში თავიანთ კოლეგა მედია ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ მხარი დაუჭირონ მათ, ვინაიდან ძალიან რთულ ვითარებაში არიან. ეს არის ევროპისთვის როლი და, როგორც წესი, ევროპა სხვადასხვა კრიზისებში იზრდება. ეს შეიძლება ერთ-ერთი ასეთი კრიზისი იყოს, რომელიც საბოლოოდ მისცემს ევროპას მის სრულფასოვან ძალას თავის რეგიონში სამოქმედოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველო ასევე შავი ზღვაა, რაც ერთ-ერთი ცენტრალური ინტერესი იყო ევროპის სამომავლო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. საქართველო ამ ყველა პროექტის ცენტრშია. ასე რომ, საქართველოსთვის მხარდაჭერა, საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერა ნიშნავს ამ მიმართულებით სამომავლო პროექტებისა და სამომავლო ეკონომიკური განვითარებების მხარდაჭერას…

ეს [ორბანის ფაქტორი] გარკვეულ დონეზე აზიანებს ერთიანობას, მაგრამ ასევე ხსნის გზას სხვა მთავრობებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას მის ბრძოლაში დემოკრატიისთვის. თუ ორბანს თავისთვის შეუძლია გადაწყვიტოს რას აკეთებს, მაშინ, ვვარაუდობ, სხვა მთავრობებს ასევე შეუძლიათ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი პოლიტიკის ქონა, და შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქვეყნის ნაწილს, რომელიც მეტი დემოკრატიისკენ მიდის, იბრძვის მისთვის, ძალიან გამძლეა ქუჩებში ახლა უკვე 78 დღეა.

ეს არის საქართველოს მომავალი და ვფიქრობ, რომ ევროპული ქვეყნები კოლექტიურად თუ არა ინდივიდუალურად (იმედი მაქვს, რომ კოლექტიურადაც) იქნებიან საქართველოსა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარეს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.