ლიეტუვის საგარეო: ლიეტუვა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

15.02.25 18:08
ლიეტუვის საგარეო: ლიეტუვა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

ლიეტუვა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს - ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ლიეტუვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენს სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 152 "საარჩევნო უბანია" გახსნილი. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა "არჩევნების" წინა დღეს დაიხურა.

"პრეზიდენტობისთვის" ხუთი "კანდიდატი" იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.