ევროკავშირის სპიკერი: EU დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს

15.02.25 18:37
ევროკავშირის სპიკერი: EU დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს.

განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს, სადაც წერია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არის აღიარებული. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2025 წლის 15 თებერვალს, აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი თავისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 152 "საარჩევნო უბანია" გახსნილი. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა "არჩევნების" წინა დღეს დაიხურა.

"პრეზიდენტობისთვის" ხუთი "კანდიდატი" იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.