ამ ქვეყანას ექნება თავისუფალი მომავალი ივანიშვილის და რუსული რეჟიმის გარეშე - კუპრაძე
ევროპის მოედანზე რიგითი მოქალაქეების გარდა, პოლიტიკოსებიც იკრიბებიან - ადგილზე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძეც იმყოფება, რომელიც "პირველებთან" ხალხის მიერ სინდისის პატიმრებისთვის წერილების გაგზავნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ უკანონოდ დაკავებული პატიმრებისთვის საზოგადოების მიერ დაწერილ წერილებს დიდი დატვირთვა გააჩნია, რადგან მისივე განმარტებით, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ციხეში გამომწყვდეული ახალგაზრდების გამხნევება.
მხნეობა და იმედია ის, რაც მოგვიტანს გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს დაუღალავი პროტესტი, წინააღმდეგობა, რომელიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად დასრულდება გამარჯვებით. წერილები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენს პოლიტპატიმრებს, ჩვენს მეგობრებს, ვუსურვოთ გამძლეობა.
არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას. წაიკითხავენ, ალბათ ბევრ თბილ სიტყვას და მადლიერებას იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, რომ უდანაშაულოდ სხედან იქ. მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ჟურნალისტები, თუ რიგითი ადამიანები. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყანას გარდაუვალი ექნება თავისუფალი მომავალი ივანიშვილის და რუსული რეჟიმის გარეშე", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. დიდი სახალხო დემონსტრაცია, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა.