"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ვიპოვეთ ოქროს მოწმე, რომელიც ნიკა კაციას საქმიდან გაქრეს
ექსკლუზივი: "შაბათის ეთერმა" იპოვე ოქროს მოწმე, რომელიც ჟურნალისტ ნიკა კაციას საქმიდან პოლიციამ გააქრო. 27 წლის ლევან იაშაღაშვილი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთან პირველად ჰყვება, როგორ გაიტაცეს კაცია გადაცმულმა პოლიციელებმა მისი ავტომანქანიდან.
გამოძიების ფაილებიდან გამქრალი მოწმე „შაბათის ეთერთან სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს იმას, რასაც პოლიცია და პროკურატურა ჯერ გამოძიების დროს შემდეგ კი სასამართლოში კატეგორიულად უარყოფდნენ.
- ლევან იაშაღაშვილი დეტალურად ჰყვება, როგორ მივიდა 10 იანვარს გამოძახებაზე გლდანის მერვე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსთან, როგორ ჩაუჯდა მას ნიკა კაცია ავტომობილში და როგორ დაესხა თავს ჟურნალისტს ტაქსიში მოულოდნელად პოლიცია.
"დაძრული არ გვყავდა მანქანა და ამ დროს ჩაჯდა ორი პოლიციელი. თავიდან უბნის ბიჭები გვეგონა, მაგრამ მერე მიმახვედრეს, რომ იყო პოლიცია"- ჰყვება ახალგაზრდა კაცი.
იაშაღაშვილის ნაამბობს, რომ ნიკა კაციას დაკავების დღეს, 22:45 საათზე, გლდანში ჟურნალისტის საცხოვრებელი სახლის მისამართზე ნამდვილად იმყოფებოდა, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ე.წ. სქრინიც ადასტურებს. ტაქსის აპლიკაციაში კი მანქანის გადაადგილების მარშრუტი ჩანს. სწორედ ამ ჩანაწერით დგინდება რომ - იაშაღაშვილი ავტომობილი კაციას დაკავების დროს ამ მისამართზე ნამდვილად იყო და მგზავრი ათონელის ქუჩაზე უნდა წაეყვანა.
ეს გარემოება და მოწმის ნაამბობი საქმეს თავდაყირა აყენებს, დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, დასტურდება ის, რასაც ბრალდებული დაკავების წუთიდან ამტკიცებს, რომ დააკავეს სხვაგან, გაიტაცეს სხვა ტერიტორიაზე და ნარკოტიკები ჩაუდეს.
რეზონანსული საქმის პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე ამტკიცებს, რომ 10 იანვარს ნიკა კაცია 14 გრამი კოკაინით გლდანში, ვართაგვას ქუჩაზე ფეხით სეირნობდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. ეს მაშინ, როცა იპოლიტე ვართაგავას ქუჩა, სადაც მისი მტკიცებით, აქციების მონაწილე ჟურნალისტი კოკაინით სავსე ჯიბეებით სეირნობდა, ნიკა კაციას სახლიდან რამდენიმე კილომეტრშია.
"შაბათის ეთერის“ მიერ ჩაწერილი ოქროს მოწმის ინფორმაციით, კი აქ კაცია პოლიციამ მისი ავტომობილიდან გადაყვანის შემდეგ წაიყვანა. იქ მიიყვანეს თავად ტაქსის მძღოლიც, რომელიც ბრალეულის ჩხრეკას არ დაასწრეს. ავტომობილში ერთი პოლიციელი ჩაუსვეს, რადგან დამატებითი მოწმე არ აწყობდათ რამდენიმე წუთში კი მისი მონაცემები ჩაიწერეს,ფოტოები გადაუღეს და ტერიტორია დაატოვებინეს. ტაქსის მძღოლი რომ კაციას სახლიდან ვართაგვას ქუჩაზე ნამდვილად მივიდა ამას მის ავტომობილში დამონტაჟებული სანავიგაციო სისტემაც ადასტურებს.