შვედეთის საგარეო: არ ვაღიარებთ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას
შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები,” - ნათქვამია განცხადებაში.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 152 "საარჩევნო უბანია" გახსნილი. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა "არჩევნების" წინა დღეს დაიხურა.
"პრეზიდენტობისთვის" ხუთი "კანდიდატი" იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.