მაწამეს, მემუქრებოდნენ, მაგრამ მასზე გავიმარჯვე | საბა სხვიტარიძის წერილი ციხიდან

15.02.25 21:53
მაწამეს, მემუქრებოდნენ, მაგრამ მასზე გავიმარჯვე | საბა სხვიტარიძის წერილი ციხიდან

გლდანის ციხეში გამოკეტილი საბა სხვიტარიძე საზოგადოებას სპეციალურად დღევანდელი დღისთვის წერილს უგზავნის - სინდისის პატიმარი, რომლის წერილიც რუსთაველის გამზირზე წაიკითეს, მოქალაქეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 

რეჟიმის ტყვე თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს წერს, რომ დღედავნდელი მოცემულობიდან გამომდინარე დასაკარგი ბევრად მეტია, ვიდრე რამდენიმე წლის ციხეში გატარებაა, რადგან მისივე განმარტებით, ქართველი ხალხი ყველაზე ძვირფასს, სამშობლოს კარგავს. 

"ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომ არ შევუშინდეთ. მაწამეს, მემუქრებოდნენ, მაგრამ იმ მომენტში მასზე გავიმარჯვე" - ეუბნება საბა სხვიტარიძე ქართულ საზოგადოებას, რომელიც ევროპული მომავლისთვის უკვე 80-ე დღეა რაც იბრძვის.

თქვენ ხართ ჩვენი ერთადერთი იმედი, თქვენ ხართ ის, ვისთვისაც ბრძოლა ღირს. დასაკარგი ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე რამდენიმე წლის ციხეში გატარებაა. სამშობლოს ვკარგავთ. ჰაერს ვერ გავატანთ გმირების სახელებს. რეჟიმის მთავარი იარაღი შიშია. ცდილობენ შიში დანერგონ.

ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომ არ შევუშინდეთ. მეც მაწამეს, მემუქრებოდნენ, მაგრამ არ შემშინებია და იმ მომენტში მე გავიმარჯვე მასზე. თუ ნიჰილიზმი შეგიპყრობთ, 9 აპრილის გმირები გაიხსენეთ. ძალა ხალხშია. მთავარია თითოეული ჩვენგანი ერთად ვიდგეთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ელაპარაკეთ მეზობლებს, თანამშრომლებს და თუ ვინმემ სისხლიანი 9 წელი გიხსენათ, მოუყევით ჩვენი და მზიას ისტორია", -  წერია საბა სხვიტარიძის წერილში.

შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძე რეჟიმი ბერას ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები