"ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა - არაღიარებულ პარლამენტში ე.წ საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
ერთ საათზე მეტია არაღიარებულ პარლამენტში ე.წ საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. თეა წულუკიანი დღეიდან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას იწყებს. დროებითი კომისიის სხდომაზე დღეს იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე ცესკოს წარმომადგენელს მოუსმენენ. წულუკიანის ე.წ კომისიას ჩვენება უკვე მისცა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ასევე დასახელდნენ ის პირები, ვისთანაც კომისიას, სავარაუდოდ, კითხვები ექნება. საუბარია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ყოფილი მმართელი პარტიის ის დეპუტატები, რომლებმაც აგვისტოს ომის რეზოლუციას სტრასბურგში ხელი მოაწერეს და 2008 წელს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.
გარდა ამისა, "ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ არსებობს საკმარისზე მეტი საფუძველი, რომ მათ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია აკრძალონ.
13 წლის წინ მოხდა ჯონ კენედის მკვლელობა და დღემდე პასუხი არ არის გაცემული და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? 12 წლის განმავლობაში ჩატარებულია უზარმაზარი სამუშაო, ამას დღეს მოვისმენთ, ამ სამუშაოს შესახებ იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან მოწვეული დღეს და რაც გამოიკვეთება, იმის მიხედვით იქნება გამოძება. საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას არ სჭირდება არავის ნდობა. ეს არის კანონით დადგენილი ვალდებულება. ვინც არ მოვა, პასუხს აგებს კანონის წინაშე. კანონი ითვალისწინებს რამდენიმე სხვადასხვა სანქციას. ეს არის ჯარიმა, თანამდებობის აკრძალვა ან ერთ წლამდე პატიმრობა, - ამბობს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი.
როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აპირებს, სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებების რევიზია მოახდინოს, რადგან იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანთან ძირითადი კითხვები მათ სწორედ აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქვთ.