ივანიშვილმა ქონებების გადაფორმების მესამე სპეცოპერაცია დაიწყო - ოლიგარქი ოფშორებიდან აქტივებს პირდაპირ მის სახელზე იფორმებს
როსტომ მეფის სასახლე ერეკლეს მოედანზე, აბასთუმანში აშენებული ორი რეზიდენცია, შენობები თბილისის ისტორიულ უბანში და სასუქების ქარხანა კასპში - "პირველებმა" აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონებების გადაფორმების მესამე სპეცოპერაცია დაიწყო და ოფშორული კომპანიებიდან აქტივებს პირდაპირ მის სახელზე იფორმებს.
თუ აქამდე იყო ცოლი - ეკა და შვილი - უტა, ახლა მრავალ მილიონიანი აქტივები ივანიშვილმა პირადად მის სახელზე გაიფორმა.
ოლიგარქმა ერეკლეს მოედანზე "ქართული ოცნების" ყოფილ ოფისსაც კი მფლობელი შეუცვალა. სპეციალისტების თქმით, ეს რეალობა მძიმე დღეში აგდებს რეჟიმს, რადგან სანქციების აღსრულებაზე მათ უარი უნდა თქვან. ივანიშვილს ეს აქტივები სხვის სახელზე რომ გადაეფორმებინა, მაშინ დიდი ფული ბიუჯეტში უნდა გადაეხადა, ამჯერადაც ოლიგარქმა ისევ ოფშორების კანონით ისარგებლა და ათობით მილიონის ბიუჯეტში გადახდას თავი აარიდა.
31 დეკემბერი 2024: შპს „ტერა“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 2025 წლის 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა:
- შპს „სანაპიროს ხედი“
- შპს „ახალი კაპიტალი“
- შპს „ინვესტ კაპიტალი“
- შპს „ქართუ კონსალტინგი“
- შპს „აბასთუმანი 2019“
- შპს „ბლექ სი არენა“
- შპს „ჯეოფერტ“
შეგახსენებთ, 31 დეკემბერი 2024: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა.
- 22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“. 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს „ატუ ჰოლდინგს“.
28 იანვარს „ატუ ჰოლდინგს“ ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 შპს: შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“.
20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის (GCF Luxembourg SARL) გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა:
- სს „ქართული აგრო სახლი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 2,700,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 684,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გრინჰაუს ჰოლდინგი“.
- სს „გეოაგრო“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 40,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 31,608,130 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „აგრო ჰოლდინგი“.
- სს „გალერია თბილისი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 68,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 17,000,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გალერია ჰოლდინგი“.
- სს „სიშორ“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 20,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 5,817,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „რიზორთ ჰოლდინგი“.
20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“.
27 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ჯი სი ეფ საქართველო“.
28 იანვარი 2025: უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32,087,800 ლარს.
27 დეკემბერს, სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილი 14024-ე აღმასრულებელი განკარგულებით დაასანქცირა.