რუსული ტიპის რეჟიმის შურისძიება - ოპოზიცია ყოფილ პრემიერზე თავდასხმას აფასებს

17.02.25 17:23
რუსული ტიპის რეჟიმის შურისძიება - ოპოზიცია ყოფილ პრემიერზე თავდასხმას აფასებს

გიორგი გახარიაზე თავდასხმას ოპოზიცია სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ “ამ პოლიტიკას ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე ატარებდა“.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთელ ადასტურებს, რომ „რუსული ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე“.

პოლიტიკოსი კოლეგებს მოუწოდებს "ოცნება" არაღიარებულ პარლამენტში მარტო დატოვოს: 

გახარიაზე ამ ფორმით თავდასხმა სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტია, თუმცა ივანიშვილი ამ მეთოდებს მაშინაც კი იყენებდა, როცა გახარია ამ ხელისუფლების ნაწილი იყო. ეს ფაქტი არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ჩვენ რუსული ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე, რომელთან ბრძოლაშიც გახარიას და მის პარტიასაც აქვს პასუხისმგებლობა, ეს რეჟიმი დატოვონ მარტო პარლამენტში, ამიტომ კიდევ ერხთელ მოვუწოდებთ მათ, დატოვონ საპარლამენტო მანდატები, “, - განაცხადა საბა ბუაძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ “ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი მოქმედებები საზოგადოების პრაქტიკულად,  ყველა წევრს შეეხო.“

ის, რომ გახარიას დღეს ეს შეეხო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არ ატარებდა ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე, თუმცა, მნიშვნელოვანი ის, რომ ამგვარი ორმაგი სტანდარტი და ძალადობრივი მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან, ტოტალური დაუსჯელობის სინდრომი, დღეს შეეხო საზოგადოების პრაქტიკულად,  ყველა წევრს, რუსული ოცნების წევრების, მათი ბიუროკრატიის და თავად ამ მოძალადეების გარდა, ამიტომ დღეს, ნიშნისმოგებით საუბრის დრო არ არის, არის სრული კონსოლიდაციის დრო“, - თქვა თინა ბოკუჩავამ.

თავდასხმის ფაქტის გამოძიების იმედი არ აქვს, კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრს, გიორგი ბუტიკაშვილს.

ცხადია, არის ქართული ოცნების მიერ დაორგანიზებული ე.წ. ტიტუშკები, რომლის გამიოძიება არასდროს მოხდება, რადგან „ოცნებას“ სხვა გამოსავალი აღარ დარჩენია, უნდათ, რომ ოპოზიცია შეარცხვინონ, დააზიანონ და ამ ფორმით საზოგადოებას აჩვენონ, რომ ძალა აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ეს მათი მხრიდან შიშს ასხივებს, რადგან მათ კონსოლიდაციის და ძლიერი ოპოზიციის ეშინიათ“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.

„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ “გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ - ისმოდა იმ დროს, როცა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიასა და გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს კვერცხებს ესროდნენ.

მსგავსი სიახლეები