"ბათუმში მომხდარის გაგრძელება იყო - ეს რეჟიმის ხელწერაა" | ელგუჯა ხოკრიშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასზე და გიორგი გახარიაზე თავდასხმის დეტალებზე "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი იხსენებს, რომ თავდაპირველად, მასთან და ყოფილ პრემიერთან ახალგაზრდა გოგოები მივიდნენ, რომლებიც კითხვების დასმის პარალელურად, ტელეფონით ვიდეოს იღებდნენ.
მისივე თქმით, შემდეგ ასპარეზზე რამდენიმე კაცი "ტიტუშკა" გამოჩნდა, რომლებმაც ადგილზე პოლიციის ყოფნის მიუხედავად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს "ცეცხლი გაუხსნეს" და კვერცხები დაუშინეს.
"პოლიციელებმა "ტიტუშკები" ადგილიდან გააცილეს" - ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს და აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორება რეჟიმის ხელწერაა - "ბათუმში მომხდარი თავდასხმის გაგრძელება იყო".
ძალიან სამარცხვინო ქმედება განხორციელდა. რომ გითხრათ სახეზე მახსოვს-მეთქი, არა, იმიტომ რომ გამოსვლის დროს იყვნენ ახალგაზრდა გოგონები, რომლებმაც დაიწყეს კითხვების დასმა და ჩაწერა იქვე. მე ჩავთვალე, რომ ეს იყო "პოსტვ" ან ასეთი მსგავსი მედია. რამდენიმე ნაბიჯი რომ გავიარეთ, უკვე აღარ ჩანდნენ, ჩანდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ხალხი. იმდენად ისეთი შერჩეული იყო, რომ მე განცდა მქონდა თითქოს სცენარი იყო. უბრალოდ მერე იქიდან "გაიხსნა ცეცხლი" და მერე უცებ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა გააცილა და ერთობლივად გავიდნენ.
რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩერდებოდნენ, ესეც სცენარის ნაწილი მგონია.
რომ გავიდნენ, მერე, სავარაუდოდ, იმ დირიჟორს სურათი არ მოეწონა და ჩემთვის ყველაზე დამთრგუნველი იყო, რომ ამ ახალგაზრდა გოგონებმა ეს გადაღება შეაჩერეს და იმათმაც დაიწყეს რაღაცეების სროლა. მხოლოდ კვერცხებს ისროდნენ.ეს არის ბათუმში დაწყებული თავდასხმის გაგრძელება იგივე სცენარით. მე შემიძლია გითხრათ, რომ რამე მოულოდნელი ჩემთვის არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ვერ შევადარებ იმ ძალადობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო. ეს არის "ქართული ოცნების" სახე და მისი პატრონის ხელწერა, ამიტომ არის ეს რეჟიმის დნმ. ეს იქცევა რომ ამ მუქარით, შანტაჟით, დაშინებით შეანელოს ან დააკნინოს საპროტესტო მუხლი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვს", - ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ “გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ - ისმოდა იმ დროს, როცა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიასა და გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს კვერცხებს ესროდნენ.