"ოცნებამ" ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, მზია სიკვდილისთვის გაწიროს - ვაშაძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" პირად ტყვეს, მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"ოცნება" მზად არის, მზია სიკვდილისთვის გაწიროს - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც "ტვ პირველის" ეთერიდან გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულ პასუხისმგებლობას ივანიშვილის რეჟიმს აკისრებს.
ძალიან ვნერვიულობთ ყველა. როგორც ჩანს, მძიმეა სიტუაცია. მორალდაკარგულია ხელისუფლება. რა უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, როდესაც ჟურნალისტს, ფაქტობრივად, ტყუილად ციხეში სვამ და მზად ხარ, რომ სიკვდილისთვის გაწირო. "ოცნებამ" ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, სიკვდილისთვის გაწიროს. მზია არის ადამიანი, რომელიც სიმბოლო გახდა იმ ბრძოლის, რაც რეჟიმის წინააღმდეგ გვაქ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ივანიშვილს, კობახიძეს. ყველანაირი პასუხისმგებლობა აქვთ მათ და ამას ვერ გაექცევიან. ვთხოვ მზიას, რომ შიმშილობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 37-ე დღეა შიმშილობს.