ყაველაშვილმა პუტინის მოკავშირე ლუკაშენკოს მე-7 ვადით გაპრეზიდენტება მიულოცა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პუტინის მოკავშირე ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს მეშვიდე ვადით გაპრეზიდენტებას საგანგებოდ ულოცავს. 11 თებერვლით დათარიღებულ წერილში ყაველაშვილი ქართველ და ბელორუს ხალხს შორის ურთიერთობების გაღრმავების სურვილს გამოთქვამს და დიქტატორ პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არსებულ გრძელვადიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი ხალხების თანამშრომლობის და ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი." - ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ეწერა ყაველაშვილის წერილში.
პუტინის მოკავშირე ლუკაშენკოსთვის მილოცვაში "ქართული ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს. ივანიშვილის პარლამენტის თავმდჯომარე ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
ჩვენ ბელორუსთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, შესაბამისად, არჩევნები იქნება თუ სხვა საკითხები, შესაბამისი პროტოკოლური საკითხები არის. მთავარია, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებით, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
"ოცნების" დეპუტატ ბეჟან წაქაძისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა მიელოცა ყაველაშვილს ლუკაშენკოსთვის მორიგ ჯერზე გაპრეზიდენტება.
რატომ არ უნდა მიელოცა? იმ ერმა და იმ ქვეყანამ აირჩია ის პრეზიდენტად, ამიტომ მივულოცეთ, - ამბობს ბეჟან წაქაძე.