პრეზიდენტი: ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე
საქართველოს პრეზიდენტი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიებას ითხოვს - როგორც სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, შესაბამისი საჩივარი უკვე შეიტანა:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ოცნების ტიტუშკების თავდასხმას ზურაბიშვილი ორგანიზებულ ძალადობის კვალიფიკაციას აძლევს:
"ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულს და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება - ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.