გახარია ამბობს, რომ ოპოზიციას ერთად დაჯდომა და კოორდინირებულად მოქმედება მოუწევს
"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას ერთად დაჯდომა და კოორდინირებულად მოქმედება მოუწევს. განცხადება გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრემიერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მას ოპოზიციიდან ზოგი ადამიანი არ მოსწონს, როდესაც საკითხი ეროვნულ გამოწვევებს ეხება, მაინც ერთად მოუწევთ ყოფნა.
ზოგიერთი ადამიანია მე და ჩემს ამომრჩევლებს არ მოგვწონს, მაგრამ მაშინ როცა საკითხი ეხება საერთო ეროვნულ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ვართ და მე არ მაქვს ამ ერთობის პრობლემა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ეს ოთხი პარტია ელიტარული კლუბი კი არ არის, იქ სხვა პარტიებიც არიან.
მე ვიღაცებს არ ვენდობი, რადგან ძალიან კარგად მინახავს, ეს ვიღაცები როგორ კურკურებდნენ ბიძინა ივანიშვილთან, არ ვენდობი და რა არის აქ გაუგებარი, - განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე - ოპოზიციის წარმომადგენლებიდან ჰყავს თუ არა ნანახი ვინმე ივანიშვილთან, გახარია პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა“.
მე ძალიან ვუფრთხილდები იმ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც არსებობს, მე არასოდეს სახელებით არ ვსაუბრობ და ვცდილობ გვერდი ავუარო. მე ვიცი ერთი რამ, ხვალ იქნება თუ ზეგ, მინახავს თუ არ მინახავს, როდესაც ქვეყნისთვის გადამწყვეტი დღე დადგება, ვიღაც იპოვის თავის თავში ძალას, რომ გადალახოს და მაინც მოგვიწევს ერთად დაჯდომა და კოორდინირებულად მოქმედება.
ხო დაინიშნება არჩვენები, არ არის აუცილებელი ერთი სიით წავიდეთ, მაგრამ ერთმანეთთან ბრძოლას რომ აზრი არ აქვს ამ არჩევნებმა ხომ დაგვანახა.
არის ბევრი რაღაც, რაც გამოცდილებამ მოიტანა. ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა ჩავეხუტო ვიღაცას. მე როგორც არ უნდა მომწონდეს ვიღაც, მაშინ როდესაც ევროპულ მომავალს ეხება საქმე, პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევენებს ეხება, აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს“ - დასძინა მან.