არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ამტკიცებს, რომ მოქალაქეები პოლიციას ბრმად უნდა "ენდონ"
არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეები პოლიციელებს ბრმად უნდა ენდონ მაშინაც კი, როდესაც მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნანი არ გააჩნიათ და სამოქალაქო ფორმაში არიან ჩაცმულები. "ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ ქვეყანა უსაფრთხოა და მოქალაქეების გატაცება არ ხდება.
უნდა ჰკითხოთ პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემთ პასუხს. უნდა ენდოთ, იმიტომ, რომ პოლიცია ნდობას იმსახურებს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვეთ 112-ში დარეკვა. დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. ქვეყანა არის უსაფრთხო და ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს არ იტაცებენ. თუ ვინმე აკავებს ვინმეს, ე.ი. ეს არის პოლიცია, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
გუშინ ღამით პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა - შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ, პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.