იგივე კობახიძესთვის რომ გაგვეკეთებინა, ისტერიკა დაიწყებოდა... ორმაგი სტანდარტია ქვეყანაში - ბაჩი ვალიშვილი პრეზიდენტზე თავდასხმაზე
მსახიობი ბაჩი ვალიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს. მისი თქმით, ზურაბიშვილის ნაცვლად თავდასხმა კობახიძეზე რომ განხორციელებულიყო, "ოცნება" დამნაშავეებს აუცილებლად დაადგენდა, თუმცა ლეგიტიმური პრეზიდენტის შემთხვევაში ამას არ გააკეთებს.
იგივე რაღაცა ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ გაუკეთოს კობახიძეს, არ ვიცი, შეიძლება, ისტერიკა დაიწყოს. მთელი ამბავი მოყვება მაგას და აქ 97 ათასი კამერა რომაა რუსთაველზე, დღეს და ღამეს გაათენებინებენ ადამიანებს, რომ იდენტიფიცირება მოხდეს, ვინ ჩაიდინა ეს კოშმარი. ჩვეულებრივად ორმაგი სტანდარტის ქვეყანა ვართ, სადაც არალეგიტიმური სახელმწიფო, არალეგიტიმური ხელისუფლება მხოლოდ თავისი დიქტატურის დასამყარებლად რაც აწყობს, იმას გააკეთებს და მის ოპონენტებს და ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტს ვინმე კვერცხებს თუ ესვრის, ეს მათთვის არაფერს ნიშნავს, რაც ქვეყნის შეურაცხყოფაა, - ამბობს ბაჩი ვალიშვილი.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
უკვე დღეს სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საჩივარი საგამოძებო უწყებაში შეიტანოს.