"გააჩნია სად აღმოჩნდება ადამიანი, სასაფლაოზე თუ დაკავების ადგილას" - ვოლსკის პასუხი კითხვაზე, როგორ გავარჩიოთ გამტაცებელი პოლიციელისგან

19.02.25 13:22
"გააჩნია სად აღმოჩნდება ადამიანი, სასაფლაოზე თუ დაკავების ადგილას" - ვოლსკის პასუხი კითხვაზე, როგორ გავარჩიოთ გამტაცებელი პოლიციელისგან

როგორ უნდა მოხდეს პოლიციელის რიგითი მოქალაქისგან გარჩევა მაშინ, თუ ის შენიღბულია და სამოქალაქო ფორმაშია ჩაცმული? - კითხვაზე გია ვოლსკის "მარტივი" პასუხი აქვს. ამბობს, რომ მნიშვნელობა აქვს, სად აღმოჩნდება გატაცებული პირი, სასაფლაოზე თუ პოლიციის განყოფილებაში.  მისი თქმით, სწორედ ასე უნდა მოხდეს გარჩევა, გამტაცებლები კანონს ემსახურებიან თუ ადგილი აქვს კონკრეტული პირის ინტერესს. 

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მიუხედავად იმისა, რა პროფესიის არის, პასუხი უნდა აგოს. 

გარჩევა როგორ ხდება იცით? - სად აღმოჩნდება - სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც „თქვენები“ კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ამით უნდა გაარჩიოთ, ვინ და როგორ დააკავა. ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები თუ არსებობს, ეს ცალკე საკითხია - არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ, მაგრამ რეალურად, ადამიანმა რა დააშავა, იმაზეა საუბარი და არა იმაზე, რა პროფესიის არის. პროფესია შეიძლება იყოს სპორტსმენი და შეიძლება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი - ამას მნიშვნელობა არ აქვს. დააშავა? - პასუხი უნდა აგოს. თუ არ დაუშავებია, რასაკვირველია, მტკიცებულებათა გარკვეული ნაკრები უნდა არსებობდეს, რაც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანონობა იქნება ასეთი ნაბიჯი. მაგრამ, როცა მეკითხებით, როგორ უნდა გაარჩიოთ - გეუბნებით, როცა თქვენი პოლიტიკური „ლიდერშიფის“ წარმომადგენლები ადამიანს აკავებდნენ კი არა, პირდაპირ უნიღბოდ იჭერდნენ, სასაფლაოზე მიჰყავდათ და კლავდნენ - ამით უნდა გაარჩიოთ ისინი პოლიციას და კანონს ემსახურებოდნენ თუ კონკრეტულ ინტერესს და იმ სადისტურ სისტემას, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შექმნეს. ამით არის მთავარი გასარჩევი ნიშნები, - განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ ღამით პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა -  შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ, პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.

 

მსგავსი სიახლეები