როდესაც ქმედუუნარო პარლამენტი არ და ვერ ახორციელებს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია - გეგელია

19.02.25 14:20
როდესაც ქმედუუნარო პარლამენტი არ და ვერ ახორციელებს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია - გეგელია

საქართველოს არაღიარებულ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან, აღარ ესალმებიან და აღარ ეთანამშრომლებიან, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია იმ ფაქტს, რომ პოლონეთში, ზოგად საქმეთა საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე "ქართული ოცნებიდან" არავინ იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ოპოზიციონერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

პოლიტიკოსის თქმით, ის ფაქტი, რომ ივანიშვილის გუნდიდან შეხვედრაზე არავინ მიიწვიეს, ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოს ანტიქართული ხელისუფლება მართავს, რომელიც რუსეთის დავალებებს ასრულებს. მისი თქმით, რუსეთის სამსახურში მყოფი კრიმინალური ბანდ-ფორმირების პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ვეღარ და აღარ ასრულებს ვერცერთ ეროვნულ, კონსტიტუციურ ამოცანას და მათ შორის აღარც ევროპული ინტეგრაციის ამოცანას.

ევროპული კავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდა ყველა კანდიდატი და წევრობის მსურველი სახელმწიფო, მაგრამ, ერთი სკამი იყო ცარიელი. გუშინ ამ სკამზე უნდა მჯდარიყო ხალხის მიერ არჩეული, ლეგიტიმური, პრო-ქართული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ხალხის 84%-ის სახელით მოეთხოვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაუყონებლივ გახსნა. 

მაგრამ, გუშინ ეს სკამი იყო ცარიელი, რადგან მიწვეული არ ყოფილა საქართველოს არ-აღიარებული, თვითგამოცხადებული ხელისუფლება, რომელსაც არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან, აღარ ესალმებიან და აღარ ეთანამშრომლებიან. 

არჩევნებიდან ოთხი თვის თავზე, არცერთი ცივილიზებული სახელმწიფო არ ეთანამშრომლება საქართველოს ე. წ. მთავრობას და არც მის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც დღეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევითაა დაკავებული. 

ეს მკაფიოდ ადასტურებს, რომ 

  • 1.    დღეს საქართველოს მართავს ანტი-ქართული ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის დავალებით, საქართველოს დააკარგინა უნიკალური ისტორიული შესაძლებლობები; 
  • 2.    თვითმარქვია ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა მიზანმიმართულად გვაშორებს ზუსტად იმ სივრცეს, სადაც არის ყველაზე მეტი მშვიდობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება და გვახლოვებს სწორედ იმ სახელმწიფოებთან, სადაც არის ომი, ქაოსი და არასტაბილურობა; 
  • 3.    პარალიზებული ქმედუუნარო პარლამენტის, ცივილიზებული მსოფლიოს მიერ სანქცირებული ე. წ. ხელისუფლების და რუსეთის სამსახურში მყოფი კრიმინალური ბანდ-ფორმირების პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ვეღარ  და აღარ ასრულებს ვერცერთ ეროვნულ, კონსტიტუციურ ამოცანას და მათ შორის აღარც ევროპული ინტეგრაციის ამოცანას 
  • 4.    გუნდი, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდა და ღირსებით ევროპისკენ სიარულს ჰპირდებოდა, გამოძევებულია უკლებლივ ყველა ევროპული ფორმატიდან და დასანქცირებულია სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ 
  • 5.    მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველკვირეულად ვკარგავთ ყველა უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ფინანსურს, ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვამ რამდენიმე დღის წინ უკვე მიიღო 2 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა (საქართველო მიიღებდა 4 მილიარდამდე მხარდაჭერას), ხოლო სომხეთი აფორმებს უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეთანხმებებს.

ამ ფონზე, როდესაც თვითმარქვია ხელისუფლება სრულად არის აცდენილი ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს, როდესაც ქმედუუნარო პარალიზებული პარლამენტი არ და ვერ ახდენს კონსტიტუციით გაცხადებული მიზნების განხორციელებას, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და რუსეთის მსახური ხელისუფლების განდევნა, - განაცხადა გეგელიამ.