თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" ლიდერმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტაში განხორციელებული ტავდასხმის გამოძიებას ითხოვს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერიც. პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა.
ამასთან, გახარიას გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ აეროპორტში მათ ლიდერზე თავდასხმა, ბათუმში მომხდარი თავდასხმის გაგრძელებაა.
გუშინ გიორგი გახარიას ადვოკატმა განცხადებით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გიორგი გახარიაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ეს არის ზუსტად ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით, გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის გაგრძელება და კონკრეტულ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აქვს გიორგი გახარიას პოლიტიკურ დევნას, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ ამას განყენებულად არ განვიხილავთ, განვიხილავთ ერთიან კონტექსტში, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან რეაგირებას, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
უკვე დღეს პრეზიდენტის ადვოკატმა ეკა ბესელიამ მომხდარზე საჩივარი პროკურატურაში შეიტანა.