როგორ განვასხვავოთ ნიღბიანი პოლიციელი კრიმინალისგან - "ოცნების" დეპუტატების დაუჯერებელი პასუხები
"პირველებმა" "ოცნების" დეპუტატებს "ტვ პირველის" ოპერატორების გატაცების კადრები აჩვენა და ჰკითხა, როგორ უნდა გაარჩიოს მოქალაქემ სამართალდამცველი გამტაცებისლიგან, როდესაც პოლიციას ნიღაბი უკეთია და სამოქალაქო ფორმაშია ჩაცმული. მარტივ კითხვას იმაზე დაუჯერებელი პასუხი მოჰყვა, ვიდრე ველოდით.
დეპუტატი ლადო ბოჟაძე გვირჩევს, 112-ში დავრეკოთ, თუკი უცხო პირები მოულოდნელად თავს დაგვესხმებიან. გადარჩენის ეს გეგმა არ გამოგვადგება, რადგან 112-ში დარეკვის და შემდეგ მათგან მარტივად გათავისუფლების მოლოდინი მეტისმეტად მეამიტურია, ამიტომ კითხვა გია ვოლსკისაც დავუსვით.
პარლამენტის ვიცე-სპიკერს ჰგონია, რომ მოქალაქე შავ ფორმაში ჩაცმულების ნებას უნდა დაჰყვეს და მათ ვინაობას იმის მიხედვით გაიგებს, თუ საბოლოოდ სად აღმოჩნდება. სხვათა შორის, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ არც პოლიციის მიერ დაკავების შემთხვევაში აღმოჩნდები პირდაპირ იზოლატორში. აქციის მონაწილე რეზო კიკნაძე გომელაურის თანამშრომლებმა იზოლატორამდე ლისის ტბაზე აიყვანეს და იქ საფლავის გათხრით ემუქრებოდნენ, ამიტომ ვერც გია ვოლსკი დაიკვეხნის სასარგებლო რჩევებით.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.