ჩვენ არ გვყავს პოლიცია, შს სამინისტრო - ისინი არიან "ქართული ოცნების" დაცვის სამსახური | მეტრეველი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი "ქართულ ოცნებას" სახელმწიფო ინსტიტუტების მითვისებაში ადანაშაულებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ქვეყანას შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღარ ჰყავს, რადგან მეტრეველის განმარტებით, ორივე უწყება ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება და მათივე დაცვის სამსახურია.
ის (სუს-ი) პირადად ემსახურება "ქართული ოცნების" გუნდს. მე ვერ დავარქმევ ხელისუფლებას, ეს არის გუნდი, რომელმაც გამოაცხადა თავი ხელისუფლებად. ჩვენ არ გვყავს შს სამინისტრო, პოლიცია. ეს არის "ქართული ოცნების" დაცვის სამსახური. სრულიად დაუცველები ვართ. ჩვენ ასევე არ გვაქვს სასამართლო. ადამიანები მოსამართლის მანტიაში უმძიმეს გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი არ არიან მოსამართლეები, ისინი არიან "ოცნების" გუნდის საადვოკატო ბიურო, რომელიც აკანონებს მათ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა დეა მეტრეველმა.