ჯგუფური თავდასხმა პრეზიდენტზე - საქმეში ვიდეო-კადრები დევს, შსს დუმს

20.02.25 13:29
ჯგუფური თავდასხმა პრეზიდენტზე - საქმეში ვიდეო-კადრები დევს, შსს დუმს

პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე - დიდი ალბათობით, საზოგადოება დღეს იხილავს იმ ვიდეო-ჩანაწერს, რომელიც პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებას სალომე ზურაბიშვილმა თან დაურთო. 

როგორც "პირველებს" ეუბნებიან, აღნიშნულ ჩანაწერში იდენტიფიცირებულები არიან ის თავდამსხმელები, რომლებმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს თავს დაესხნენ და კვერცხები დაუშინეს. 

იურისტები ელოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა თქვას, რა მუხლით დაიწყებს ვახო გომელაური ზურაბიშვილზე თავდასხმას. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ ყველა ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. 

მისი თქმით, კარგია თუ თავდასხმის ამსახველი კადრები საქმეში არსებობს. 

"ეს ფაქტი დაეხმარება ობიექტურ შემფასებელს რომ დაადგინოს რა ხდება სამართლებრივად და რა იყო იქ ფაქტობრივი მოცემულობა. ის რომ კამერების ჩანაწერები შესაძლოა, არ მოგვცენ, არ მისცენ გამოძიებას, ეს არ იქნება სიახლე ჩვენთვის, რადგან დღემდე არცერთი კამერის ჩანაწერი ოფიციალურ სახელმწიფო უწყებას არ გადაუცია დაცვის მხარისთვის. 

როცა წინასწარ გაჟღერდა მუქარა ძალადობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანო პრევენციულად ვალდებული იყო ზომები მიეღო.  ისინი იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ და ეს ფაქტი არ უნდა დაეშვათ. აქ ჩანს სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა"- თქვა კოპალეიშვილმა.  

ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძის თქმით კი, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პრეზიდენტზე თავდასხმისას ადგილზე იყვნენ და არაფერი მოიმოქმედეს, კითხვის ნიშნები ჩნდება, რამდენად ობიექტური იქნება შსს გამოძიების კუთხით. 

ადვოკატის თქმით, ინტრერესთა კონფლიქტის შესაძლებლობა შესაძლოა დადგეს. მისივე განცხადებით, საქმის მნიშვნალობიდან გამომდინარე, საქმე პროკურატურას უნდა გადაებარებინა. 

სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, გაბიტაშვილის სახელზე შესული საჩივარი ვახო გომელაურის ხელში აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები