ივანიშვილის რეჟიმს რუსეთი მოლაპარაკებების ახალ ფორმატში ელოდება
ივანიშვილის რეჟიმს რუსეთი მოლაპარაკებების ახალ ფორმატში ელოდება - დუმაში გამართულ სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის "3+3" ფორმატი ღიაა და შეუძლია, შეუერთდეს.
სერგეი ლავროვმა სხდომაზე "ქართული ოცნების" პოლიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მაშინ, როდესაც ივანიშვილის გუნდმა ქვეყანას საგარეო კურსი შეუცვალა, საქართველოს უკვე შეუძლია, რომ "3+3" ფორმატში მონაწილეობა მიიღოს.
პლატფორმა "3+3" მოიაზრებს რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს თანამშრომლობას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხრეთ კავკასიაში. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე თქვენ ხაზი გაუსვით ამ ფორმატის პერსპექტივას საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც ხდება ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციის წყალობით, ასევე პოლიტიკური პარტიების, როგორიც არის "სოლიდარობა მშვიდობისთვის", "კომუნისტური პარტია". ეს იძლევა საფუძველს, რომ მომავალში ფორმატი "3+3" იმუშავებს საქართველოს სრულფასოვანი ჩართულობით. პატივცემულო სერგეი ვიქტოროვიჩ, პარლამენტის დონეზე ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა ამ ფორმატის მონაწილე ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელთან. როგორ აფასებთ იდეას, შეიქმნას პარლამენტთაშორისი კომისია "3+3" ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმის შესაქმნელად საპარლამენტო დიპლომატიის ხაზით", - კითხდა რუსეთის დუმის დეპუტატმა ლავროვს.
ჩვენ დავადასტურეთ ამ ფორმატში კოლეგებთან, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, სავარძლები დგას. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეყრდნობა. ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობაა საჭირო. სწორედ ასე იქცევა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ხოლო ის, რომ "3+3" ფორმატი მისი მონაწილე ყველა ქვეყნის ინტერესშია, ეჭვგარეშეა. სხვათა შორის, ეს ამერიკის წინა ადმინისტრაციაში იწვევდა შურს და არა ეჭვს. ამ ფორმატის სანაცვლოდ ცდილობდნენ, "3+1" ფორმატის წამოწევას. ანუ, სამი კავკასიური ქვეყნის და ერთი ბაიდენის ხალხის ჩართულობას. საპარლამენტო განზომილება სასარგებლო იქნება. თუ თქვენ ამ ინიციატივით გამოხვალთ, ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრებთან დიალოგის კუთხით ამას გავამყარებთ. ეს ძალიან სასარგებლო იქნება", - განაცხადა სერგეი ლავროვიმ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
ხედავს თუ არა საქართველო "3+3"-ის ფორმატში თავს? - ამ კითხვაზე "ქართული ოცნების" პასუხია, რომ ახლა არა, თუმცა "სამომავლოდ შესაძლოა რაღაც გამოჩნდეს".
ის, რაც მსოფლიოში პროცესები მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, ასევე მისი ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ, შორეულ პერსპექტივაში, შეიძლება რაღაც გამოჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა. ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს". - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა - "3+3 ფორმატი" - გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველომ "3+3 ფორმატის" შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.