"ოცნება" პრორუსი მოკავშირეების იმედად - ვინ არიან ევროპარლამენტარები, ვინც ოლიგარქის გუნდს მხარს უჭერენ
იზოლაციაში მყოფი "ოცნება" პრორუსი მოკავშირეების იმედად დარჩა. ოლიგარქის გუნდს ევროპარლამენტში მხოლოდ ისინი უცხადებენ მხარდაჭერას, ვინც პირდაპირ ან ირიბად კავშირშია პუტინის რეჟიმთან. ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომელთა შორისაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში გასამართლებული პირებიც არიან, "ოცნებას" დისკომფორტს არ უქმნის. მეტიც რეჟიმის მსახურებს უხარიათ, რომ ევროპარლამენტში მომხრეები გამოუჩნდნენ.
მომხრეთა შორის ერთ-ერთი ჰანს ნოიჰოფია. გერმანელი მუსიკისმცოდნე და ევროპარლამენტის წევრი პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის". დეპუტატი ხშირად გამოდის რუსეთის სასარგებლოდ და აკრიტიკებს დასავლეთს სანქციების დაწესების გამო. აქტიურობს საქართველოზე. ნოიჰოფმა რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტში რუსეთისთვის სასარგებლო რეზოლუცია დააინიცირა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, საქართველოსთვის კი უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოითხოვა. გასულ კვირას კი თანამოაზრეებთან ერთად ევროკავშირისგან "ქართული ოცნების" ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებას ითხოვდა.
პეტრ ბისტრონი კიდევ ერთი მხარდამჭერია "ოცნების" იმავე გერმანული პარტიიდან. გასულ წელს მის წინააღმდეგ რუსეთიდან ქრთამის აღების ბრალდებით დაწყებული გამოძიების გამო ბუნდესტაგმა იმუნიტეტი შეუჩერა. საერთაშორისო მედია წერდა, რომ მას რუსული ინტერესების გატარებისთვის 20 ათასი ევრო ჰქონდა აღებული. ბისტრონის პარტია ევროპის დონეზე კეთროვნადაა მიჩნეული. მათ ევროპარლამენტარები არ ეთანამშრომლებიან და ღიად ეუბნებიან, რომ მათი მოქმედება მოსკოვთან თანხვედრაშია.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუციის თანაავტორია კიდევ ერთი ევროპარლამენტარი პეტარ ვოლგინი დაუფარავი რუსული შეხედულებებით ბულგარეთის ულტრამემარჯვენე პარტიიდან. ვოლგინი პოლიტიკამდე ჟურნალისტიკაში იყო და 2 წლის წინ გამოცემამ, სადაც ის ჟურნალისტად მუშაობდა, დაადგინა, რომ ის უკრაინაში ომის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.