მწვავე დებატები ეუთოს ასამბლეაზე - ოპოზიცია ფიქრობს, რომ მსგავს ფორმატებში "ოცნებას", სავარაუდოდ, აღარ მიიწვევენ

21.02.25 13:42
მწვავე დებატები ეუთოს ასამბლეაზე - ოპოზიცია ფიქრობს, რომ მსგავს ფორმატებში "ოცნებას", სავარაუდოდ, აღარ მიიწვევენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართული მწვავე დებატების შემდეგ პროდასავლური ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შესაბამის ფორმატებში საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ მიიწვიონ. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, არ შეიძლება, ივანიშვილის გუნდთან თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს. 

მე ველოდები, რომ ეს დებატები გაგრძელდება იმით, რომ  საქართველოს შესახებ მოხსენების მომზადება დაევალება ამ ორგანიზაციის ფარგლებში შესაბამის ორგანოს და არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ მომავალში ამ მოხსენების საფუძველზე უკვე აღარ მოხდეს საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა შესაბამის ფორმატებში. ჩვენ ვნახეთ, რომ განწყობა იხრება სწორედ აქეთკენ, რომ არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა არალგიტიმური ხელისუფლების პირობებში, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ხალხის დევნა, ძალადობა, თავდასხმები, პოლიტიკური რეპრესიები და კრიტიკული აზრის გაქრობის მცდელობა - ივანიშვილისს რეჟიმს მხილების ახალი სერია მოუწყეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნება" ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ფაქტებით დაადანაშაულეს.

საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ უმძიმეს შეფასებებს ისმენდნენ ივანიშვილის პარტიის არაღიარებული დეპუტატებიც, თუმცა პასუხების გაცემის ნაცვლად, მათ ევროპას ისევ პოლიტიკური ტონი და მიგნებები დაიწუნეს.