პრეზიდენტი ზურაბიშვილი მესამე სექტორს ხვდება

21.02.25 15:03
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მესამე სექტორს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კონსულტაციებს განაგრძობს - ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი საკუთარ სამუშაო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. 

აუდიენციის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, უწყვეტი პროტესტი და რეჟიმის მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე სახაზინო ტერორია.

შეხვედრის დაწყებამდე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს, რომ საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმასაც შეეხება. 

სამწუხაროა ის, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა ამ ქვეყნისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ისინი თავს ესხმიან აბსოლუტურად ყველას. ის, რაც ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის წინააღმდეგ აეროპორტში, ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით, სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც აუცილებლად უნდა მომხდარიყო რეაგირება საგამოძიებო უწყებების მხრიდან. 

ქალბატონ სალომეს დღეს აქვს რეიტინგი ამ ქვეყანაში როგორც პოლიტიკოსს. ამიტომ მისი პოზიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ხალხისთვის, რომელიც დღეს დგას ქუჩაში. ქუჩაში დგომა დღეს სამწუხაროდ არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ დაგვრჩა". - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საქართველოს საკითხის წამოწევა, მათ შორის, უსაფრთხოების, საქართველოს ევროინტეგრაციის ნაწილში.

ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით და ვერც სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით გამოძიებას. ზოგადად, ვიცით ქვეყანაში რა მდგომარეობაა როგორც გამოძიების ნაწილში, ასევე სამართლის აღსრულების ნაწილში. მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე იმედი მაქვს, მაგრამ ვგმობ ყოველ ასეთ ქმედებას, რომელიც მიმართულია პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს არ არის კონკრეტულ პერსონაზე თავდასხმა, არამედ ეს არის ინსტიტუტზე თავდასხმა", - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც გამართავს.