ოკუპაციის დღეს მეორედ ოკუპაციის წინააღმდეგ - 25 თებერვალს საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა

21.02.25 20:44
ოკუპაციის დღეს მეორედ ოკუპაციის წინააღმდეგ - 25 თებერვალს საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა

სპეციალური ვიდეომიმართვა სალომე ზურაბიშვილმა 25 თებერვალს და ამ დღეს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას მიუძღვნა. მეხუთე პრეზიდენტი თავად მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ რუსული რეჟიმი და მისი რეპრესიები კიდევ ერთხელ ყველამ ერთად გააპროტესტოს. ამ თარიღს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ საბჭოთა ოკუპაციის დღეს უნდა გაიგოს რუსეთმა და საქართველოში "ქართულმა ოცნებამ" ქართველების ხმამაღალი პოზიცია, რომ ისინი დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის დათმობას არც ახლა აპირებენ. 

25 თებერვალს 16:00 საათზე საყოველთაო გაფიცვაა დაანონსებული. საჯარო მოხელეები და კერძო ბიზნესი საქმიანობას პროტესტის ნიშნად მიატოვებს და ქუჩაში გამოვა. მოქალაქეები მსვლელობით მივლენ გმირთა მემორიალთან და საღამოს რუსთაველზე შეიკრიბებიან. როგორ უნდა გაგრძელდეს უწყვეტი პროტესტი - ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომლის განსახილველად დღეს მეხუთე პრეზიდენტი მესამე სექტორს შეხვდა. 

საპროტესტი მოძრაობაში ჩართული პირები ამბობენ, რომ 25 თებერვალი ყველას გვახსენებს, რა ელოდება საქართველოს თუ ისტორია განმეორდება. ფიქრობენ, რომ ეს საფრთხე დღესაც არსებობს და მასთან შეგუება მოქალაქეების ისტორიული შეცდომა იქნება. ამიტომ, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს და მასში ყველა მხარე ჩაერთოს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.