სავარაუდოდ, 24 თებერვალს, საუბარი იქნება სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებაზე - ბოკუჩავა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ 24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებაზე ისაუბრებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ქვეყნისთვის კრიტიკულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ EU-მ არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელი პირები "დასაჯოს", არამედ რეჟიმის მსახურები და ხელშემწყობი პირები ფინანსური სანქციების ქვეშაც აღმოჩნდნენ.
სავარაუდოდ, საუბარი იქნება სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებაზე, რომელიც არ უნდა შეეხოს მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ევროკავშირის დონეზე. ფინანსური სანქციების თემაც აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში ევროკავშირის დონზე. ასეთი იყო მითითება ევროპარლამენტის მხრიდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ, სწორედ ამ მითითების შემცველი რეზოლუცია მიიღო", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.