"ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეწყვეტილია" - გალდავა
"ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეწყვეტილია" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
გალდავა გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" ლიდერები კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას არ ესწრებიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ფაქტი იმან განაპირობა, რომ ივანიშვილის რეჟიმს მოკავშირეები დემოკრატიული ქვეყნების ნაცვლად ავტორიტარულ სახელმწიფოებში ჰყავს.
"ოცნება" მუდმივად ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთებოდა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ-თან შეწყვეტილია სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. პირველივე კონფერენციაზე არ იმყოფება საქართველოს წარმომადგენლობა. ეს არის პირველ კონფერენციაზე ტრამპის სიტყვით გამოსვლა. "ოცნების" წარმომადგენლობას მომხრეები არ ჰყავს დემოკრატიულ ქვეყნებში, ჰყავს ავტორიტარულ რეჟიმებში და ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია". - განაცხადა ლანა გალდავამ.
"ქართული ოცნება" უსასრულო იზოლაციის გზაზეა - ივანიშვილის პარტია ამჯერად კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობას არ იღებს. ეს ღონისძიება ახლა ვაშინგტონში მიმდინარეობს, თუმცა როცა იგივე შინაარსის ღონისძიება ბუდაპეშტში ჩატარდა, მაშინ "ოცნების" ლიდერები საპატიო სტუმრებად ჰყავდათ.
დღეს კი "ოცნების" ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაკარგეს შანსი, პირადად მოესმინათ დონალდ ტრამპისთვის, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოდის. მასთან ერთად არის მილიარდერი ილონ მასკიც.
ვაშინგტონის კონფერენციაში მონაწილეობენ მემარჯვენე პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასი.