"ოცნების" რეჟიმს პარტნიორები არ აღიარებენ - ბოკუჩავა
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების არ მონაწილეობას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აფასებს.
მისი თქმით, "ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნულ კონფერენციას იმიტომ ვერ ესწრებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რეჟიმის არაღიარების პოლიტიკას ატარებს".
თინა ბოკუჩავა იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა მმართველი პარტიის წევრებს სავიზო შეზღუდვები ჰქონდეთ დაწასებული და შტატების ტერიტორიაზე სანქციების გამო ვერ შედიოდნენ.
ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან აღნიშნულ კონფერენციას, განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკით, რომელიც ატარებს რეჟიმის არაღიარების პოლიტიკას. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ბევრი მათგანი სანქცირებულია. მათზე დაწესებულია სავიზო შეზღუდვები და შესაძლებელია, მათ ფიზიკურად შეზღუდული ჰქონდეთ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლაც კი". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ქართული ოცნება" უსასრულო იზოლაციის გზაზეა - ივანიშვილის პარტია ამჯერად კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობას არ იღებს. ეს ღონისძიება ახლა ვაშინგტონში მიმდინარეობს, თუმცა როცა იგივე შინაარსის ღონისძიება ბუდაპეშტში ჩატარდა, მაშინ "ოცნების" ლიდერები საპატიო სტუმრებად ჰყავდათ.
დღეს კი "ოცნების" ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაკარგეს შანსი, პირადად მოესმინათ დონალდ ტრამპისთვის, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოდის. მასთან ერთად არის მილიარდერი ილონ მასკიც.
ვაშინგტონის კონფერენციაში მონაწილეობენ მემარჯვენე პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასი.