კუპრაშვილმა დეკლარაციები გამჭვირვალობის სისტემა მოშალა, რათა საზოგადოებას დადასტურებული დანაშაულები დაუმალონ - საბა ბუაძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე დარწმუნებულია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "ოცნების" მაღალჩინოსნების დეკლარაციები განგებ გადამალა, რათა მათი დანაშაულების შესახებ ცნობილი არავისთვის ყოფილიყო. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის უწყების ერთადერთ ფუნქციად პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროება გახდა.
რაჟდენ კუპრაშვილმა მთლიანად მოშალა დეკლარაციების მონიტორინგის და გამჭვირვალობის სისტემა იმისთვის, რომ გადაავადონ და რამენაირად საზოგადოებას დაუმალონ ის დადასტურებული დანაშაული, რომელსაც ძალიან ბევრ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი და ამ ფორმით ანტიკორუფციული ბიუროს ერთადერთი ფუნქცია დარჩა პოლიტიკური ოპოზიციის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შევიწროება, დაჯარიმება და ნადირობა აბსოლუტურად კანონიერ პროცესებზე, - ამბობს საბა ბუაძე.
"ქართული ოცნების" არაღიარებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი იმ ჩინოვნიკებს შორისაა, ვინც ათი ათასობით ლარის ღირებულების, მსოფლიო დიზაინერების სამოსს ყიდულობს. "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა სახსრებით შეძლო ძვირადღირებული ტანისამოსისა და უძრავი ქონების შეძენა ქალმა, რომელმაც წლები საჯარო სამსახურში გაატარა. მაშინ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებდა, რომ ამბავი მისი ძვირადღირებული ტანსაცმლის და აქსესუარების შესახებ ტყუილია, ხელთ "ივ სენ ლორანის" 1899 დოლარიანი ჩანთა ეკავა. მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაციებში, რომელიც ჩაკეტვამდე იძებნებოდა, არსად წერია შოპინგში დახარჯული დიდი ფულის წარმომავლობა.
საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი მიგვითითებს, საჯარო წყაროებიდან გააქრეს. 2024 წლის 29 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდი, სადაც დეკლარაციები იძებნებოდა დახურა.