რაჟდენ კუპრაშვილი მალავს დეკლარაციებს, რომ ვერ ვნახოთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენს ხარჯზე ჩინოვნიკები - ბესიკ დონაძე

23.02.25 16:47
რაჟდენ კუპრაშვილი მალავს დეკლარაციებს, რომ ვერ ვნახოთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენს ხარჯზე ჩინოვნიკები - ბესიკ დონაძე

კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ჩინოვნიკების დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა, რადგან საიტზე მათი ნახვა შეუძლებელი გახდა. მისი თქმით, პასუხად მიიღო ის, რომ დეკლარაციების ნახვა შესაბამის საიტზე არის შესაძლებელი.

ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება დეკლარაციებს განგებ, სავარაუდოდ, კობახიძის ან ივანიშვილის მითითებით მალავს.

რადგან საიტზე ვერ ქვეყნდება, მივწერე წერილი, რომ აღნიშნული დეკლარაციები, რომელიც არის შევსებული პირველი ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით, ეს დეკლარაციები გამოეგზავნა. რაჟდენ კუპრაშვილმა გამოაგზავნა დეკლარაციების ნაცვლად წერილი, რომ დეკლარაციები გამოქვეყნებულია საიტზე. ანუ მალავს რაჟდენ კუპრაშვილი კობახიძის მითითებით, ივანიშვილის მითითებით, რა მნიშნელობა აქვს ვისი მითითებით, მთავარი არის ის, რომ 1998 წლიდან რაც საჯარო იყო ყოველთვის, ის რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს დამალა. დამალა იმისთვის, რომ ვერ გავიგოთ, როგორ მდირდებიან ჩვენს ხარჯზე ჩინოვნიკები, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

"ქართული ოცნების" არაღიარებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი იმ ჩინოვნიკებს შორისაა, ვინც ათი ათასობით ლარის ღირებულების, მსოფლიო დიზაინერების სამოსს ყიდულობს.  "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა სახსრებით შეძლო ძვირადღირებული ტანისამოსისა და უძრავი ქონების შეძენა ქალმა, რომელმაც წლები საჯარო სამსახურში გაატარა. მაშინ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებდა, რომ ამბავი მისი ძვირადღირებული ტანსაცმლის და აქსესუარების შესახებ ტყუილია, ხელთ "ივ სენ ლორანის" 1899 დოლარიანი ჩანთა ეკავა.  მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაციებში, რომელიც ჩაკეტვამდე იძებნებოდა, არსად წერია შოპინგში დახარჯული დიდი ფულის წარმომავლობა. 

საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი მიგვითითებს, საჯარო წყაროებიდან გააქრეს.  2024 წლის 29 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდი, სადაც დეკლარაციები იძებნებოდა დახურა.