ჩინოვნიკების გადამალული დეკლარაციები - რისი ეშინია ივანიშვილის გუნდს?
ჩინოვნიკების გადამალული დეკლარაციები - სამ თვეზე მეტია, დეკლარაციების სისტემაზე წვდომა შეზღუდულია. რაჟდენ კუპრაშვილი თითქმის 90 დღეა, ამტკიცებს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზებია, თუმცა ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მიზეზი სანქციების შიშია.
სპეციალისტების თქმით, სანქციების დაწესების დროს, თანამდებობის პირების დეკლარაციები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა, ამიტომ მათი თქმით, დოკუმენტები პოლიტიკური დავალებით დამალეს.
დეკლარაციების სისტემის დახურვა უკავშირდება შარშან დეკემბერში სანქციების ტალღის დაწყებას. ბალტიის ქვეყნებმა გამოაცხადეს სანქციების პირველი ტალღა, რამდენიმე დღეში ეს საიტი დაიხურა. ასევე მასთან ერთად დაიხურა ცესკოს ამომრჩეველთა გადამოწმების პორტალი.
ამ ეჭვს გვიმყარებს ის ფაქტი, რომ დეკლარაციები ხშირად არის ის წყარო და ის საბუთი, რის საფუძველზეც გროვდება ინფორმაცია დასასანქცირებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ.
თუ მცდელობა არის, სანქციებზე მომუშავე ჯგუფებს გაურთულონ საქმე დასავლეთში, ეს რა თქმა უნდა არ იმუშავებს.
იმის თქმა, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, უბრალოდ სასაცილოა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური დავალება, ანტიკორუფციულმა ბიურომ კი ყველანაირად ხელი შეუწყო, რომ თანამდებობის პირებს დისკომფორტი არ შეექმნათ"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი, სანდრო ქევხიშვილი.