ბაჩიაშვილიVSივანიშვილი - ოლიგარქისთვის საბედისწერო აუდიოჩანაწერმა პროკურატურას ხელ-ფეხი შეუკრა
სასამართლო პროცესზე დღეს მსჯელობის მთავარი საგანი ბიძინა ივანიშვილის და გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერი იყო. 11-წუთიანი ფაილი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ სისხლის სამართლის საქმე გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ შეკერილია. ჩანაწერში, რომელიც სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე 1 დღით ადრე გაკეთდა, ნათლად ისმის, რომ ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქართუდან კრედიტის მიღებაში დახმარებას სთხოვს. დოკუმენტებით დასტურდება, რომ საუბრიდან მეორე დღეს ქართუს საკრედიტო კომიტეტმა სესხი ბაჩიაშვილს დაუმტკიცა.
მოსამართლემ საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ შეთანხმების შემდეგ, ბანკი ბაჩიაშვილის ბიზნესის მოგებაში არ მონაწილეობს. ამ განცხადებით ოლიგარქი საკუთარ ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა მას ბიტკოინები მოპარა, შეთანხმების დროს კი ბაჩიაშვილს თავად ეუბნება, რომ ამ ბიტკოინებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად ბიზნესმენია.
ამ მტკიცებულების სისხლის სამართლის საქმიდან გაქრობა ოლიგარქმა რამდენჯერმე სცადა. ჯერ მაშინ, როცა სამხარაულის ბიუროს ათქმევინა, რომ მასზე ექსპერტიზას ვერ ჩაატარებდა. როგორც კი აუდიომასალა ევროპაში გაიგზავნა, საგანგებოდ დაიწერა დასკვნა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენებაც კი რადიკალურად შეცვალა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ბაჩიაშვილს მის წინააღმდეგ ეს უტყუარი მტკიცებულება ჰქონდა. ბოლოს კი იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ამ საუბრის შემდეგ, თავდაპირველი შეთანხმების პირობები მხარეებს შორის შეიცვალა, რისი დამადასტურებელი საბუთიც საქმეში არ იძებნება.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.