პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ ხვალ რუსთაველზე ვიდგეთ და ვთქვათ: "არა რუსულ ოკუპაციას"
საქართველოს პრეზიდენტი ქართველ საზოგადოებას მიმართავს - სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებული ვიდეოთი ხალხს 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 104 წლის გასვლის შემდეგაც ქართველი ერი, რომელსაც თავისუფალი საქართველოს ბედი ადარდებს, ქუჩაში უნდა გამოვიდეს და კვლავ უარი უნდა უთხრას რუსულ მმართველობას.
ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში. ეს დღე გახდა ერთგვარი სიმბოლო რუსული ოკუპაციისა. ამიტომ, ხვალ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ - არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ, 9 საათზე." - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.